ნათია თურნავა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადავდივართ
ნათია თურნავა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადავდივართ
20:08 28.01.2021
„ჩვენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადავდივართ. პირველი ასეთი სახელმწიფო საწარმო იქნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომლის რეფორმირების მოსამზადებელი ეტაპი 1,5 წლის წინ დაიწყო,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან.

მინისტრის განცხადებით, ამ დღეებში მოხერხდა, რომ ეს საწარმო გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდა, რომელშიც წლებია, იმყოფებოდა. „ეს საწარმო სრულფასოვანი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭვირვალე და მიმზიდველი კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც სამომავლოდ შეძლებს, დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი მისია, რაც არის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეარჩევს კანდიდატებს სამეთვალყურეო საბჭოსთვის. „სამეთვალყურეო საბჭო არის კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საწარმოში კი თანამედროვე კორპორაციული სტრუქტურა ამოქმედდება,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბეჭდვა