პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ეკონომიკური პროგრამა საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ასევე, ქართული და უცხოური
ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი ესწრებიან.
როგორც კოალიციის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი კოალიციის ეკონომიკური გეგმების შესახებ ბიზნესის ინფორმირებაა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ სამუშაო ადგილების შექმნას სწორედ ბიზნესის მეშვეობით გეგმავს.
„გვინდა ბიზნესმენებს გავაცნოთ, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებას და ბიზნესგარემოს ფორმირებას ვაპირებთ, ასევე, ჩვენი სურვილია, ბიზნესკომპანიებს ჰქონდეთ ინფორმაცია ჩვენი საგადასახადო და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ“-აღნიშნა ხადურმა.
მისივე თქმით, ბიზნესმენების განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს მილიარდიანი ფონდი, რომლის შექმნასაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გეგმავს.
შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა. მისი თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იცნობდეს თითოეული პოლიტიკური ძალის საარჩევნო პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, რათა მან ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.
„უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, აუცილებელია, რომ მსგავსი შეხვედრები ყველა პარტიამ გამართოს და საზოგადოებას საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები გააცნოს“ - აღნიშნა დიმიტროვმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება.
დღევანდელი შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.
