საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტში“ გაივლიან.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, ახალგაზრდა სპეციალისტების სათანადო პრაქტიკული მომზადება „სილქნეტის“ ბაზაზე მოხდება.
კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სპეციალობის შესაბამისი მიმართულებით გადაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენისთვის სათანადო პირობებს შეუქმნის.
სტაჟირების პროცესში საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტები ჩაერთვებიან. ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხიც განიხილება .
როგორც „სილქნეტში“ აცხადებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა კომპანიასთან, სტუდენტებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ტექნოლოგიებს გაეცნონ, მათთვის საინტერესო სეგმენტში ძალები მოსინჯონ და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.
