„სმარტის“ სუპერმარკეტი რუსთაველის გამზირზეც გაიხსნა
„სმარტის“ სუპერმარკეტი რუსთაველის გამზირზეც გაიხსნა
17:52 17.09.2012
თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ვისოლ ჯგუფის“ სუპერმარკეტი „სმარტის“ ახალი ობიექტი ამოქმედდა.

სუპერმარკეტის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.

საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში გახსნილი ახალი სუპერმარკეტი „სმარტი“ სამ სართულზეა განთავსებული. სუპერმარკეტში გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.

ობიექტში ასევე განთავსებულია „სმარტ კაფე“, ბანკომატი, სწრაფი გადახდის და სხვა სერვისების აპარატები.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ მიზნად დავისახეთ დედაქალაქში შეგვექმნა სრულად განსხვავებული ტიპის სუპერმარკეტი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა საკუთარი დიზაინით, სავაჭრო ინვენტარით, ტექნოლოგიებით, ასევე მომსახურების ხარისხით და სასაქონლო ასორტიმენტით“-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

სუპერმარკეტში 223 ადამიანი დასაქმდა. „სმარტის“ თანამშრომლები დაზღვევითა და უფასო კვებით სარგებლობენ.

რამდენიმე თვის შემდეგ ამავე შენობაში „ვისოლ ჯგუფი“ ამერიკული მულტინაციონალური კომპანია „ვენდის“ რესტორანის გახსნას გეგმავს.

უახლოეს თვეებში „სმარტის“ სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბანში, გუდაურში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში გაიხსნება.

ბეჭდვა