ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მთავარ ფუნქციად გადასახადის გადამხდელი კომპანიების უფლებების დაცვა და საგადასახადო ორგანოებთან მათი ურთიერთობისას
გაუგებრობებისა და დარღვევების თავიდან აცილება და აღმოფხვრა რჩება.
ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში შედგება ბიზნესმენებთან დიალოგი, რათა ბიზნესის პრობლემები შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზებზე მუშაობა მოხდეს.
„ამასთან ერთად, გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების გამარტივების მიზნით, ჩვენ მოხარული ვიქნებით, საჭიროების შემთხვევაში გავცეთ პასუხი მათ შეკითხვებს და გავუწიოთ კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით“ - აღნიშნავენ აპარატში.
მათი ინფორმაციით, ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საგადასახადო საკითხებით, არამედ ის ნებისმიერ საკითხს შეეხება, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის ზრდასა და განვითარებას.
„ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო ფირმებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევით დაწესებულებებთან იმ მიზნით, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო და დაიხვეწოს შესაბამისი საკონმდებლო ბაზა, რათა ბიზნესს შეექმნას უკეთესი პირობები ზრდისა და განვითარებისათვის და ამით ხელი შეეწყოს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“ - განმარტავენ ბიზნეს ომბუსდმენის აპარატში.
ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი 2011 წელს შეიქმნა, ბიზნესომბუსდმენის თანამდებობაზე კი, ცოტა ხნის წინ, საქართველოში „პრო-კრედიტ ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი მაია მერედოვა დაინიშნა.
