„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტი 8 მლრდ ლარიდან 10 მლრდ-მდე გაიზრდება.
ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა დღეს ეკონომიკური პროგრამის - „ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის“ პრეზენტაციაზე აღნიშნეს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციით, ელიტური კორუფციის და ბიზნესმონოპოლიების აღმოფხვრით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით და დიფერენცირებული გადასახადების შემოღებით მოხდება.
მისი თქმით, მცირე ბიზნესი, რომლის შემოსავალი 100 000 ლარამდეა, გადასახადისგან გათავისუფლდება, მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის კი, გადასახადი 10-დან 20%-მდე იქნება.
„თუ მცირე ბიზნესს გადასახადისგან გავათავისუფლებთ დაქირავებული შრომა გაიზრდება. დაქირავებული შრომის გაჩენა კი, მცირე ბიზნესის შემოსავალს გაზრდის. გაფართოების შედეგად, ისინი ისევ გადაიხდიან გადასახადს“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკური პროგრამა ქონების გადასახადის გაუქმებასაც გულისხმობს.
პროგრამის მიხედვით, ყოველწლიურად მილიარდი ლარი ჩაიდება ენერგეტიკაში, რაც სხვა საკითხებთან ერთად, დენისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიების გამოსყიდვას გულისხმობს.
ქდმ-ს ეკონომიკური პროგრამა 10 პუნქტისგან შედგება.
