პრემიერ-მინისტრი „არაგვი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი „არაგვი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
11:57 12.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე „არაგვი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ელექტროენერგიის სტაბილურად მზარდი მოხმარების ფონზე საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მერაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს არსებული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.

მისი თქმით, სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად, ქვეყანაში 17 ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს.

მოგვიანებით, ვანო მერაბიშვილი გუდაურსა და ფასანაურს შორის სოფელ ნაღვარევში მდებარე საოჯახო სასტუმრო „არაგვს“ ესტუმრა და მის მფლობელს გაესაუბრა.

პრემიერმა სასტუმროს მფლობელს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც, მცირე ზომის სასტუმროების რეკლამირებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, სასტუმროებს ხშირად არ აქვთ საშუალება თავად დააფინანსონ მსგავსი ხარჯები.

მერაბიშვილის თქმით, ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნება, რომელშიც დიდ სასტუმროებთან ერთად, სასტუმრო „არაგვის" მსგავსი მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებიც შევა, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ოთახები წინასწარ, ინტერნეტის საშუალებით დაჯავშნონ.

მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შედეგად, დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში ტურისტების რაოდენობისა და მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდაზეც.

მისი განცხადებით, კობი-გუდაურის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მომდევნო წლის აპრილში დასრულდება, აღნიშნულ რაიონებში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.


ბეჭდვა