ბიძინა ივანიშვილი უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილი უმუშევრობის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობს
11:22 04.03.2012
ბიზნსმენი ბიძინა ივანიშვილი უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას მცირე ბიზნესის განვითარების გზით ხედავს.  ამის შესახებ ბიზნესმენმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა, სადაც იგი მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
"დღეს არსებული რეალობის პირობებში, სასიცოცხლოდ აუცილებელია აქტიური ადამიანების ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერა, მათთვის შეღავათიანი სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თუნდაც, სახელმწიფო სტრუქტურების თავდებობის გზით,"- აცხადებს ბიზნესმენი.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ფართო სპექტრის აგროსესხების გაცემა მომავალი მოსავლიდან მათი დაფარვით, რაც თავის მხრივ გლეხურ მეურნეობას მისთვის აუცილებელ საბრუნავ სახსრებს მისცემს.
"მოკლე ბრუნვის პერიოდის გამო, ეს დაბანდება ძალიან მალე გაისტუმრებს აღებულ სესხს და შემდეგ, "სოფელი-ქალაქი" ტიპის ფულად-სასაქონლო ბრუნვის განვითარებას უზრუნველყოფს, რომელიც აქტიურად ჩაენაცვლება უცხოეთში ფულის გადინებას, უზომოდ გაზრდილი იმპორტის გამო", - განმარტავს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე აზრით, აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტის საინვესტიციო ხარჯების და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო დახმარებების, ასევე სესხების წარმართვა, რათა სწრაფად შემცირდეს უმუშევარობა.
"საჭიროა, ქვეყნის შიდა ფულად-სასაქონლო ბრუნვების შექმნა სოფელსა და ქალაქს შორის, რათა აეწყოს გლეხურ მეურნეობებში არსებული მცირე ჭარბი სასაქონლო ნაშთების გამსხვილება და ქალაქებისთვის მიწოდება, ხოლო ქალაქიდან რეგიონში - სამრეწველო პროდუქციის მიწოდება,"- აცხადებს ბიზნესმენი.
ივანიშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია ასევე, ენერგორესურსების გასაყიდად ოპტიმალური ფასების დადგენა, სადაც ზემოგების კომპონენტი არ იქნება ჩადებული და ენერგიის გადაცემისას დანაკარგები შემცირდება.

ბეჭდვა