ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხვალ კომპანია „გალფი“ სპეციალურ აქციას - „უფასო საწვავი ყველას“ გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, აქცია ვარკეთილში არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. მის ფარგლებში ვარკეთილის ბენზინგასამართ სადგურზე 13:00 დან 14:00 საათამდე მისული ყველა მძღოლი 10 ლიტრ საწვავს უფასოდ მიიღებს.
გარდა ამისა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სპეციალურად ბავშვებისთვის ღონისძიება მოეწყობა, სადაც კომპანიის წარმომადგენლები ბავშვებს შოუს და ბევრ საჩუქარს პირდებიან. ყველა ბავშვს გადაეცემა სასკოლო ჩანთა და შესაბამისი ინვენტარი. პატარების განწყობაზე სპეციალურად მიწვეული ზღაპრის გმირებიც იზრუნებენ.
„გალფი“ სისტემატურად ატარებს უფასო საწვავის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბავშვებისთვის მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.
