მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
16:52 10.09.2012
წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 219 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 7%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის წინასწარ მონაცემებს და დაზუსტებული მაჩვენებლის 88%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ პირველ 6 თვეში 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემს 29%-ით აღემატება.

ინვესტიციების განხორციელების მხრივ ნიდერლანდები, აშშ, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, თურქეთი, ყაზახეთი და კვიპროსი ლიდერობენ. უმსხვილესი ქვეყნების წილმა მიმდინარე წლის II კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების 85% შეადგინა.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვეტორებმა თანხა ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში დააბანდეს.

ბეჭდვა