ივანიშვილი - სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კახური ყურძნის ფასი 20 თეთრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო
ივანიშვილი - სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კახური ყურძნის ფასი 20 თეთრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო
19:31 09.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2006 წელს ამტკიცებდა, რომ კახური ღვინისგან მხოლოდ საკონიაკე სპირტის დაყენება შეიძლება და ამიტომ,  მისი ჩასაბარებელი ფასი 20 თეთრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო - ამის შესახებ დღეს თელავში მიმდინარე აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყურძნის ფასებზე ბრძოლა დაიწყო.

„2004-2005 წლებში, ძლივს დავარწმუნე სააკაშვილი, რომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დაბალი არ უნდა ყოფილიყო, რასაც მასში იხდიდნენ, ჩემი სუბსიდიით იხდიდნენ და ფასები რაღაცას დაემსგავსა. ხოლო 2006 -2007 წლებში ვეღარ შევძელი მისი დარწმუნება, კატეგორიული უარი მითხრა. ამის მიზეზი სააკაშვილის აზრი იყო, რომლის მიხედვითაც მას მიაჩნდა, რომ კომერციული თვალსაზრისით, კახური ყურძენი 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს, რადგან კახური ღვინისგან მხოლოდ საკონიაკე სპირტის გამოხდა შეიძლებაო“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს გახდა ზოგიერთი გლეხის მხრიდან ყურძნის გაჩეხვის მიზეზი.

ივანიშვილის განცხადებით, დღეს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1 ლარის ოდენობით, მხოლოდ არჩევნების გამო დაწესდა და ეს ფასი ბიზნესმენებს აწევს ტვირთად, რადგან სახელმწიფო სუბსიდირებას არ ახორციელებს.

„მომავალი რთველი სხვანაირი იქნება, რადგან კარგად გვაქვს დაგეგმილი როგორ უნდა განვითარდეს მევენახეობა საქართველოში“ - განაცხადა კოლაიციის ლიდერმა.

მისი თქმით, შეიქმნება სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა სისტემა, ვენახები თანამედროვე ტექნოლოგიური სქემით გაშენდება და მოსავალი სხვადასხვა საფრთხეებისგან დაზღვეული იქნება.

„ყველა სოფელს თავისი მარანი უნდა ჰქონდეს და ამის შექმნაში სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოში გაიგეს ქვევრის ღვინის გემო და საქართველო ამით ისარგებლებს“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთანავე, მან განაცხადა, რომ მიაღწევს რუსული ბაზრის გახსნას ქართული ღვინისთვის, რაც მისი თქმით, ქართული ღვინის ხარისხის დაცემას არ ნიშნავს.

„რუსეთში იციან ქართული ღვინის ფასი. იქ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოები შედის და ქართული მაღალხარისხიანი ღვინო მათ შორის ღირსეულ ადგილს დაიკავებს“ - განაცხადა ივანიშვილმა და ახალი ბაზრების მოძიების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ბეჭდვა