ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი აგროტურიზმი“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გახსნის.
კონფერენციაში 30 ქართველ სტუდენტთან ერთად, ლონდონის ეკონომიკის სკოლის, შვეიცარიის გალენის უნივერსიტეტის, ბარსელონის ESADA-ბიზნეს სკოლის, პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის, ვარშავის ეკონომიკის სკოლისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების 40-მდე უცხოელი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში აგროტურიზმის, ეკოტურიზმის, ბიომეურნეობების, დაცული ტერიტორიების შესახებ ლექციები ჩატარდება.
შეხვედრის მსვლელობისას ევროკავშირის წამყვანი სპეციალისტები ვიდეოჩართვის მეშვეობით მოხსენებებს წაიკითხავენ. სტუდენტები თითოეულ თემასთან დაკავშირებით პრაქტიკული სამუშაოებისა და დისკუსიების მსვლელობისას საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარჩინებული სტუდენტები კი, საკუთარ ქვეყნებში აგროტურიზმის განვითარების შესახებ მოხსენებებს წარადგენენ.
კონფრენციის მონაწილეებისთვის დაგეგმილია გასვლითი ტური, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები საქართველოში აგროტურიზმის სფეროს სიახლეებს გაეცნობიან.
კონფერენცია სტუდენტური ორგანიზაციის Oikos Tbilisi-ს ინიციატივით, Oikos International-ისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მხარდაჭერით ტარდება.
