„ყაზტრანსგაზსა“ და „თელასში“ კომპანიების შესაძლო გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფენ
„ყაზტრანსგაზსა“ და „თელასში“ კომპანიების შესაძლო გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფენ
16:59 05.09.2012
„ყაზტრანსგაზ-თბილისსა“ და „თელასში“ კომპანიების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობს.

„ჩვენ ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს“ - განაცხადეს კომპანიაში.

რაც შეეხება „თელასს“, კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, სხვადასხვა პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს კომპანია საჭიროდ არ მიიჩნევს.

„არასერიოზულია, რამდენჯერაც ვინმე რამეს იტყვის, იმდენჯერ ჩვენ კომენტარი გავაკეთოთ“-აღნიშნეს „თელასის“ პრესსამსახურში.

ინფორმაცია შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებული კატეგორიულად უარყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც“ (თბილისის წყალი).

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და არც კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან მის ცალკეულ წარმომადგენელთან.

რამდენიმე დღის წინ, პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტნიორი, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო მრჩეველი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა „თბილისის წყლის“, „ყაზტრანსგაზისა“ და „თელასის“ შესყიდვას გეგმავს. ამის მიზანი კი, ტარიფების შემცირება და მოსახლეობისთვის დაგროვილი დავალიანების ჩამოწერაა.

ამასთან, კომპანია „თელასის“ აქციების გამოსყიდვას და ტარიფების დაწევას ამომრჩეველს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“ პირდება.

ბეჭდვა