აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრს" ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით ყიდის.
აუქციონი 12 მარტისათვისაა ჩანიშნული.
ბათუმში, პუშკინის №118-ში მდებარე 2 042 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 2 211 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა პირველ აუქციონზე "ონკოლოგიის ცენტრი" არ გაიყიდა. ამჟამად მისი ფასი 450 000 ლარით არის განსაზღვრული.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, საბოლოო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე გადაიხადოს. გარდა ამისა, მან არაუგვიანეს 2013 წლის 20 დეკემბრისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანებართვო/სალიცენზიო პირობებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შპს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის" რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს.
აუქციონის დასრულებიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე ასევე სავალდებულოა უზრუნველყოფილ იქნას წინა წლების დარჩენილი გადასახდელი დივიდენდის - 514 224 ლარის გადახდა.
ამასთან, ინვესტორი ვალდებულია 5 წლის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას პროფილი შეუნარჩუნოს.
