„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ დღეს კვლევის „LLOID’S RISK INDEX საქართველო“ პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივესიტეტიდან აცნობეს, კვლევა იმ მოდელს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის კრიზისის დადგომასთან ერთად კომპანია „ლოიდის“ წარმომადგენლებმა ჟურნალ „ეკონომისტთან“ ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლევის ჩატარება გადაწყვიტეს. აღნიშნული კვლევის მიზანი კი, არსებული ბიზნეს და გარემო რისკების მიმართ მსოფლიოს 500 ბიზნესლიდერის დამოკიდებულების შესწავლა იყო.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“ თავის მხრივ, შეისწავლა, თუ როგორ აფასებენ საქართველოში ბიზნეს ლიდერები რისკებს და როგორია მზაობა რისკის დადგომის შემთხვევაში.
კომპანიების შეფასება 4 ძირითადი კატეგორიის მიხედვით განხორციელდა - ბიზნესი და სტრატეგიული რისკი; ეკონომიკური და საბაზრო რისკები; გარემოსთან დაკავშირებული რისკები; ბუნებრივი მოვლენების რისკები.
კვლევის შედეგების მიხედვით, ყველა რისკის სფერო საქართველოსა და გლობალურ სამყაროში თითქმის იდენტურია, რაც „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ წარმომადგენელთა განმატრებით, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილი გახდა.
კვლევის მიხედვით, გლობალური სამყაროსგან განსხვავებით, საქართველოს ბიზნესწარმომადგენლებში რისკების დადგომის შემთხვევაში კომპანიების მზაობის დონე უფრო დაბალია; ხოლო ყველაზე მაღალი მზაობა კანონმდებლობის ცვლილების რისკის დადგომის შემთხვევაში შეინიშნება.
