პრემიერმა პომიდვრის მეურნეობა და სწრაფგამყინი ქარხანა დაათვალიერა
პრემიერმა პომიდვრის მეურნეობა და სწრაფგამყინი ქარხანა დაათვალიერა
11:36 31.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძესთან ერთად, მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა.

მერაბიშვილი მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრა და პომიდვრის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მან აღნიშნა, ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი პირველი მეურნეობაა ამ მხარეში, რომელიც პივოტური ირიგაციით ირწყვება. ნაკვეთზე დათესილია პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ბადრიჯანი და ბროკოლი.

მეურნეობის ხელმძღვანელების თქმით, წელს ნაკვეთში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 60-65 ტონა პომიდვრის მოსავლის აღება იგეგმება.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ნატახტარის სწრაფგამყინ ქარხანას ეწვია, რომელიც ამჟამად სწორედ პომიდვრის მოსავალს იბარებს. მერაბიშვილი საწარმოო პროცესს გაეცნო.

კობახიძის განმარტებით, ნატახტარის ქარხანა ერთადერთია საქართველოში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის ხანგრძლივად შენახვის საშუალებას იძლევა. ქარხნის მიერ მიღებული გაყინული პროდუქციის ექსპორტი, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში განხორციელდება, სადაც კლიმატური პირობების გამო, ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფასი მაღალია. მინისტრის მოადგილის თქმით, ექსპორტის გარდა, ნატახტარის სწრაფგამყინი ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე საკონდიტრო, სანაყინე და წვენების დამამზადებელ საწარმოებს მაღალი ხარისხის ნედლი პროდუქტით მოამარაგებს.

ბეჭდვა