ორი ახალი საექსპორტო ბაზარი და 16 მილიონი ერთეული ღვინო და კონიაკი ექსპორტზე - ასეთია KTW ჯგუფის 2019 წლის შეჯამება დეკემბრის მონაცემებით. ექსპორტის ჭრილში KTW ჯგუფს
მნიშვნელოვანი, 15-%იანი ზრდა აქვს. დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის გარეთ გაყიდულია 16 მლნ. ერთეული ბოთლი, როცა შარშანდელი წლის ჯამური შედეგი ამ მიმართულებით 14.050 მლნ. ერთეული იყო.
"ჩვენი სარეალიზაციო ბაზრები წლის განმავლობაში გაფართოვდა და ორი ახალი ქვეყანა დაგვემატა. სექტემბრის თვიდან ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანში გადის, წლის ბოლოს კი თურქმენეთის ბაზრის ათვისება მოხდა, სადაც პირველად პროდუქცია ნოემბრის თვეში გავაგზავნეთ. წლის განმავლობაში KTW ჯგუფმა წარმოებაში ჩაუშვა ღვინის რამდენიმე ახალი ხაზი - "შატო მანავი", რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე შიდა ბაზრისთვის "გურამიშვილის მარნის" "აის ვაინი", "ოჯალეში" და ქართლის "დანახარული".- აცხადებს Kთჭ ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.
KTW ჯგუფი ღვინისა და კონიაკის წარმოების გარდა აერთიანებს რამდენიმე კომპანიას სოფლის მეუნეობის, დეველოპერულ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებში. ექსპორტის მიმართულებით ზრდა დაფიქსირდა საკონსერვო წარმოების "ნენას" კუთხითაც, რომლის საწარმოებიც ჩოხატაურსა და ქედაში მდებარეობს. ექსპორტის ზრდამ 2019 წელს 155 % შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 31 % იყო. ასევე, გაფართოვდა "ნენას" საკონსერვო პროდუქციის საექსპორტო ბაზრებიც. 2019 წელს "ნენას" პროდუქცია აშშ-ის, გაერთიანებული ემირატების, კანადისა და ლატვიის ბაზრებზეც გავიდა.
ამასთან, KTW ჯგუფი მანავში 500 ჰექტრამდე მიწაზე ვენახს აშენებს, სადაც ირგვება ქართული ვაზის ჯიშები. ასევე, გურჯაანში 700 ჰექტარ მიწაზე დაწყებულია საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება, რაც თავისი მასშტაბით საქართველოში უპრეცენდენტოა.
კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ზეთის ხილის წარმოების კუთხით. KTW ჯგუფი დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარ მიწაზე ზეთის ხილის ბაღებსა და საწარმოს აშენებს, რომელიც ძირითადად ქართული ზეთის ხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოება/გადამუშავებასა და ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
აქტიურად მიმდინარეობს ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გურიაში- ოზურგეთსა და ასკანაში. ასევე, სულ მალე გაიხსნება სასტუმრო, "ორბელიანი რეზიდენსი" თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე.
2019 წელს KTW ჯგუფმა გააფართოვა მაღაზია-სალონების კომპონენტიც. სწორედ რეკონსტუირებულ ორბელიანის მოედანზე გაიხსნა სექტემბრის თვეში მაღაზია-სალონი სახელწოდებით "ღვინის მაღაზია ორბელიანზე".
2020 წელს KTW ჯგუფს ამბიციური გეგმები აქვს დეველოპერული მიმართულებით, მათ შორის ეკო-სოფლის პროექტიც, რომლის დეტალურ პრეზენტაციასაც კომპანია გაზაფხულისთვის გეგმავს.
