მერაბიშვილი რუსთავის მძიმე მრეწველობის ობიექტებს ესტუმრა
მერაბიშვილი რუსთავის მძიმე მრეწველობის ობიექტებს ესტუმრა
18:04 28.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანას, „ჰაიდელბერგ ცემენტსა“ და სამ მეტალურგიულ კომპანიას ესტუმრა და საწარმო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ლითონკონსტრუქციების ქარხანა სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობებისთვის საჭირო კონსტრუქციებს აწარმოებს.

ქარხნის პროდუქცია საქართველოში მსხვილი ობიექტების მშენებლობაში გამოიყენება, მათ შორის ესტაკადებისა და ხიდების, თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და გუდაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში.

ქარხანაში 200 ადამიანია დასაქმებული.

მერაბიშვილი „ჰაიდელბერგ ცემენტის“ საწარმოო პროცესსაც გაეცნო.

„ჰაიდელბერგ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და დღეისთვის მას სამი ცემენტის და ორი ბეტონის ქარხანა აქვს, სადაც 1 200 ადამიანია დასაქმებული.

მეტალურგიული კომპანია „რუსმეტალ“-ის ხელმძღვანელობასთან საუბრის დროს, ვანო მერაბიშვილმა ყურადღება ქალაქ ლაზიკას ახალი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი ქართული პორტი, რომელსაც დიდი ტონაჟის კონტეინერმზიდების მიღება და გადმოტვირთვა შეეძლება, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს ტრანსპორტირების ხარჯებს და დახარჯულ დროს შეამცირებს.

„რუსმეტალი“ აწარმოებს ფეროშენადნობებს და წელიწადში მისი წარმადობა 25-30 ათას ტონას აღწევს. საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე თურქეთში, უკრაინაში, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გააქვს.

„რუსთავის მეტალურგიული ქარხანის“ ხელმძღავნელობა პრემიერ-მინისტრს თვეში ქარხნის წარმადობის 6 000-დან 10 000 ტონამდე გაზრდის გეგმებზე ესაუბრა.

პრესსამსახურის ცნობით, ქარხნის პროდუქციის დაახლოებით 80% მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

მერაბიშვილი მეტალურგიულ საწარმოს „ჯეოსტილს“ ესტუმრა, რომელიც საქართველოში ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია და მასში 600-მდე ადამიანია დასაქმებული.

მისი წარმადობა წელიწადში 200 000 ტონა ფოლადია. 2011 წელს ექსპორტზე 62 ათასი ტონა ფოლადი გავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქმენეთში, ირანსა და შრი-ლანკაში.

ბეჭდვა