სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“დღეს საქართველო - იაპონიის
ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელშიც 40 - მდე იაპონური და 100 - ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JAICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით ჩატარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნესფორუმი მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ გახსნეს.
„დღევანდელი ბიზნესფორუმი რიგით მეხუთეა. მასში უფრო მეტი იაპონური კომპანია მონაწილეობს, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენ შეგვიძლია იაპონურ კომპანიებს მსოფლიოში ერთ-ერთი ხელსაყრელი ბიზნეს და საგადასახადო გარემო, სტაბილურად მზარდი ეკონომიკა, ევროკავშირთან, თურქეთთან, უკრაინასთან და სხვა ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამოყენების შესაძლებლობა შევთავაზოთ. აგრეთვე, შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს. იმედი მაქვს, რომ ბიზნესფორუმი სამომავლო ნაყოფიერების თანამშრომლობისა საქართველოსა და იაპონიის საქმიან წრეებს შორის დასაბამი გახდება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.
მისასალმებელ სიტყვაში იაპონიის ელჩმა საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წლევანდელ ბიზნესფორუმზე გაცილებით მეტმა იაპონურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე მანამდე.
მისი თქმით, ესაა იმის დასტური, რომ იაპონური კომპანიები საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბაზარზე უფრო მეტი იაპონური კომპანია შემოვა და ამით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღნიშნული გარემოება ასევე ქართულ კომპანიებს დაეხმარება, გაზარდონ პროდუქტიულობა და ხარისხი, რაც მეტად კონკურენტულს გახდით მათ სხვა საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში.
ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და თანაინვესტირების ფორუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ პრეზენტაციები გააკეთეს. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რისკების მართვაზე.
ბიზნესფორუმი B2B შეხვედრებით დასრულდა, რომლის დროსაც საქართველოსა და იაპონიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
