საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს
„საქაერონავიგაცია” სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაცია ARMATS - სთან ერთად სამხრეთ კავკასიის რეგიონში პროექტის - საქართველოსა და სომხეთს შორის თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვას იწყებს.
საქართველომ და სომხეთმა თავისუფალი საჰაერო მარშრუტების პროექტზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს და ის ძალაში 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00 საათზე შევა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში მფრინავი საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ შემოსვლის და გასვლის წერტილის მითითებით, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები - „Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC”.
პროექტის განხორციელებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სომხეთის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი და ევროკონტროლის დელეგაციის წევრები დააკვირდებიან.
„მიხარია, რომ ამიერკავკასიის რეგიონში ჩვენ პირველებმა დავნერგეთ თავისუფალი საჰაერო მარშრუტები და დღეს უკვე ამ კონცეფციის მეორე ეტაპის განხორციელებას ვიწყებთ.
ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთ მარშრუტზე კვეთენ საქართველოს და სომხეთს, საშუალებას ვაძლევთ, გადაადგილებისას აარჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ“ - განაცხადა შპს ‘’საქაერონავიგაციის’’ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა.
„საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტები ევროკონტროლის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად, თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის პროცესს რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დააკვირდებიან.
საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას - საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის შესახებ, 2017 წელს შეუერთდა.
ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები, მთელი ევროპის მასშტაბით 2022 წელს სრულად იქნება დანერგილი.
