საქართველოში მეორე ინდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
საქართველოში მეორე ინდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
19:23 24.08.2012
ინდური ბლოგბასტერის "BILLA"-ს გადაღების შემდეგ, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ახალ ფილმს იღებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამჯერად, საქართველოში ისტორიული ჟანრის ფილმის „სხვა სამყაროს“ (Irandam Ullagam) გადაღებები მიმდინარეობს.

ფილმის ბიუჯეტი 5 მილიონი აშშ დოლარია. ფილმის რეჟისორია სელვა რაჯავან კრიშანამურტი.

ქართული მხრიდან პროექტში 50 კინემატოგრაფისტია ჩართული. ინდოელი პროდიუსერები ქართულ მხარესთან, მათ შორის, სტუდიებთან - „მეტრო“ და „ქართული ფილმი“ თანამშრომლობენ.

ფილმში მოქმედება შუა საუკუნეების საქართველოში ვითარდება. სცენებში ქართველი მეფე მისი ერთგული ჯარით ფიგურირებს.

რამდენიმე სცენა თუშეთში - დართლოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღეს. გადაღებები მიმდინარეობდა, ასევე, ჯავახეთში - ვარძიის კომპლექსში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხეში - განახლებული რაბათის ციხეში, კახეთში - ალავერდსა და სიღნაღში.

ფილმისთვის მსახიობების შერჩევა სტუდიამ "G არტ“-მა უზრუნველყო. მასში, სულ, 70-მდე ქართველი მსახიობი და 50 კასკადიორი მონაწილეობს. მასიურ სცენებში კი, 300-მდე მსახიობი ჩაერთო.

ბეჭდვა