საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.
არანჩა სანჩესი პანელის „მომგებიანი ვაჭრობა“ ერთ-ერთი სპიკერი იყო, მან თავის გამოსვლაში აქცენტები ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე გააკეთა. „მცირე და საშუალო საწარმოები ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, მთელი ბიზნესის 99% უნდა შეადგენდეს. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გლობალური ზრდა დადის ყველაზე დაბალ დონეებზე, რომ საზოგადოების ზრდა იყოს უფრო ინკლუზიური, ჩართულობაზე ორიენტირებული“, -აღნიშნა მან.
არანჩა გონსალესმა ასევე ხაზი გაუსვა ვაჭრობის სექტორში ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას. „ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. „ჩვენ როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ვმუშაობთ მთავრობასთან და ვამაყობთ რომ ამ ძალისხმევაში შეგვაქვს წვლილი. ეს არის გონივრული პოლიტიკა“, - აღნიშნა არანჩა გონსალესმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს საერთაშორისო sme-ების ნაკლებობა. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ საერთაშორისო პარტნიორების მოძებნაში. ვცდილობთ ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემაა“, - აღნიშნა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
