მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელსაც საქართველო განათლების რეფორმის მიმართულებით მიმართავს
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: მნიშვნელოვანია ძალისხმევა, რომელსაც საქართველო განათლების რეფორმის მიმართულებით მიმართავს
16:29 16.10.2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის კიდევ უფრო გააქტიურდება.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. მასთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება. მე აღვნიშნე, რომ საქართველოს ძალისხმევა, გახადოს ბიზნესის კეთება უფრო მარტივი, პოზიტიურად აისახა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგშიც“ და დღეს, თქვენი ქვეყანა მეექვსე ადგილზეა. ჩვენ ასევე, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ კარგ პერსპექტივას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კოენ დევიდსმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდამჭერია და 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.


ბეჭდვა