„ქართუ ბანკს“ კომპანია „ბეტა მაქსის“ სასარგებლოდ 11 609 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა ნოდარ
ჯავახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ეხება ხელისუფლების მიერ „ქართუ ჯგუფში“ დანიშნული დროებითი მმართველის ვლადიმერ უგულავას მიერ ოთხ კომპანიასთან, მათ შორის, „ბეტა მაქსთან“ გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებს და მათ ბაზაზე აღებულ 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტების გაცემის ვალდებულებას.
„ნოტარიუსმა ნარგიზა მინდიაშვილმა სააღსრულებო ფურცელი გამოწერა, რომლითაც ბანკს დააკისრა 10 მლნ აშშ დოლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს - 850 000 აშშ დოლარის გადახდა შპს „ბეტა მაქსისთვის“. ამ თანხას აღსრულების ეროვნულმ ბიურომ, თავის მხრივ, დაამატა კრედიტორის მიერ ვითომ წინასწარ გადახდილი საფასური – მოთხოვნის 2% ანუ 217 000 აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების საფასურის 7% და საბოლოო ჯამში, ბანკს გადასახდელი აქვს 11 609 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში“-განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის შეფასებით, ეს იყო ბანკის წინააღმდეგ მორიგი შეტევა, რომელიც კანონისა და სამართლიანობის ყველა პრინციპის დარღვევით განხორციელდა.
ბანკის პრეზიდენტი შიშობს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, შესაძლოა, ბანკის ლიკვიდობა საფრთხის წინაშე დადგეს.
