საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს მთავრობის კანცელარიაში ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული,
შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გაორმაგდა.
მისი თქმით, მოხმარების მკვეთრმა ზრდამ რეგიონებში ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რაც მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ ისეთ ობიექტებს, როგორებიც კლინიკები და საწარმოებია, საფრთხეს უქმნის.
პრემიერმა ენერგეტიკის ახალ მინისტრს ვახტანგ ბალავაძეს აღნიშნული პრობლემის მოგვარების გეგმის უმოკლეს ვადაში შემუშავება დაავალა.
შეხვედრაზე რეგიონებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის საკითხიც განიხილეს, რომელიც 2013 წელს დასრულდება. პრემიერმა ქვეყანაში გაზიფიკაციის პროცესზეც ისაუბრა.
