კომპანია „კარტლისი“ ორი ახალი ჯიშის ხორბლის მოსავლით კმაყოფილია
კომპანია „კარტლისი“ ორი ახალი ჯიშის ხორბლის მოსავლით კმაყოფილია
15:47 14.08.2012
კომპანია „კარტლისი“ ამერიკული კომპანია „პიონერის“ სათესლე ხორბლის ორი ახალი ჯიშის საცდელი თესვის შედეგებით კმაყოფილია.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, საადრეო და საგვიანო ჯიშის სათესლე ხორბლის - „ანაპოსა“ და RP22R58-ის მოსავალმა ჰექტარზე 3-5 ტონა შეადგინა.

„კარტლისის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა RP22R58-მა, რომელიც წლევანდელ მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი მაღალი მოსავლიანობით გამოირჩეოდა.

„პიონერის“ RP22R58-მა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფერმერები დაარწმუნა, რომ იგი მართლაც ძალიან კარგად უძლებს სტრესულ გარემოს, რომელიც კლიმატური პირობებითაა გამოწვეული“ - განაცხადა კომპანია „კარტლისის“ დირექტორმა რობერტ რევიამ.

მისივე თქმით, RP22R58-ს მოსავალმა ჰექტარზე, საშუალოდ, 4-5 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა სხვა ხორბლის ჯიშების მოსავალი ჰექტარზე 1.5-2 ტონას არ აღემატება. რაც შეეხება „ანაპოს“, მისი მოსავალი, ჰექტარზე საშუალოდ, 3-4 ტონას შეადენს.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი საქართველოს ტრადიციული მეხორბლეობის ზონებში - შირაქში, ალაზნის ველზე, ყვარელში, საგარეჯოში, გორში, დმანისსა და სართიჭალაში, სულ 150 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო დათესილი.

ბეჭდვა