ქართული კომპანიები ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ბიზნესკავშირების დამყარების პერსპექტივებს განიხილავენ
 ქართული კომპანიები ესტონელ და ლატვიელ კოლეგებთან ბიზნესკავშირების დამყარების პერსპექტივებს განიხილავენ
15:36 04.06.2019
ესტონურ-ლატვიური დელეგაციის მონაწილეობით 5 ივნისს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბიზნეს (B2B) ფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე გახსნის.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი - „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, საქართველოს ICT (აისიტი) კლასტერი და ბალტიის ინოვაციების სააგენტო.

აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუმრებს გააცნობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის საქართველოში წარმოებულ პოლიტიკას, ამ სექტორში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების შესაძლებლობებს და ინოვაციების ხელშემწყობ ეკოსისტემას.

ღონისძიების პლენარულ ნაწილში საქართველოს ICT კლასტერს მიეცემა შესაძლებლობა უცხოელ სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილე სხვა ადგილობრივი კომპანიების წინაშე წარმოედგინონ კლასტერის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა ესტონურ და ლატვიურ კომპანიებთან პირისპირ (B2B) შეხვედრებს, სადაც მოხდება ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიკაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივების გამოვლენა. 11 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს, მ.შ. საქართველოს ICT კლასტერის წევრებს, ჰქონდათ შესაძლებლობა წინასწარ დარეგისტრირებულიყვნენ B2B შეხვედრებისთვის ესტონურ კომპანიებთან - Helmes, B2B-Trade OÜ, Elisa Eesti AS, AS Levira; თანამშრომლობის პლატფორმა Smart City Lab-ის, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტისა და ლატვიური აქსელერატორის Buildit Latvia-ს წარმომადგენლებთან.

6 ივნისს ესტონურ-ლატვიური დელეგაციის წევრები ტექნოპარკს ეწვევიან და მის სერვისებსა და საქმიანობას გაეცნობიან.

ბეჭდვა