ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ საკადრო ცვლილებები მისთვის დამახასიათებელ სტილში განახორციელა,
ამიტომ მასზე განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვა ან აღფრთოვანება შეუძლებელია.
„ეს არის გარკვეულ პირთა გადანაცვლება ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ვერ ვხედავ, რომ ეს არის გარღვევა მთავრობის სტრუქტურაში, რომელიც მის პოლიტიკას ცვლის“ - განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღესდღესობით ფინანსთა მინისტრი ერთ-ერთი ნომინალური ფიგურაა, თუმცა, მას მთავრობასა და ქვეყნის საფინანსო პოლიტიკის განსაზღვრაში ცენტრალური ადგილი უნდა ეჭიროს.
„ენერგეტიკა კი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენი, ღრმად პროფესიულ და პოლიტიკურ ხედვებს მოითხოვს“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ ბალავაძის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს, თუმცა, შეფასების კრიტერიუმი მის მიერ გაკეთებული საქმე იქნება.
„მთავრობას, რომ მოენდომებინა საქართველოში საოცარი ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლება ჩაკეტილი წრეა, რომელიც ინფორმაციისა და პროგრესისთვის დახშულია, ამიტომ ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის და არავითარ საღ მოსაზრებას ანგარიშს არ გაუწევს“-აღნიშნა გიორხელიძემ.
საკადრო ცვლილებები მთავრობაში დღეს განხორციელდა. ფინანსთა მინისტრად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა, ხოლო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა.
