ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაციაზე მოლოდინები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მოქმედებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაციაზე მოლოდინები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მოქმედებს
15:59 24.05.2019
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს.

გვენეტაძის განმარტებით, ფასების ზრდის კუთხით გაცვლითი კურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა არა - მთავარი.

"ინფლაციაზე გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა.

გთხოვთ, გადახედოთ 2007-2008 წლის სტატისტიკას, როდესაც საქართველოში გაცვლითი კურსი იყო ყველაზე სტაბილური, თუმცა ინფლაცია - ძალიან მაღალი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომ ამ მიმართულებით ფასების ზრდა არ დაუშვას.

"მნიშვნელოვანია მიზეზი, თუ რატომ და რა მიმართულებით ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას - ესაა დოლარიზაცია. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკა დედოლარიზაციაა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცვლითი კურსის მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ლარის გაუფასურების ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს არსებული მოლოდინები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.




ბეჭდვა