თბილისი საქართველოსა და ლიეტუვას ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს
თბილისი საქართველოსა და ლიეტუვას ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს
11:43 16.05.2019
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისში, ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმი მიზნად საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირებას, მათ შორის თანამშრომლობების დამყარებასა და სამომავლო პარტნიორობების შექმნას ისახავს.

ფორუმს ლიეტუვის პარლამენტის წევრები, მეწარმე ქალთა საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტი ლაურა კოვალიოვაიტე, ასევე, ტურიზმის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, იურიდიული მომსახურების, სარეკლამო და სხვა სფეროების წარმომადგენელი მეწარმე ქალები დაესწრებიან. საქართველოს მხრიდან ღონისძებას ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მასპინძლობს, რომლის წევრებიც საქართველოში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევიან. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას სხვა ქართველი მეწარმე და ფერმერი ქალებიც მიიღებენ.

მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს როგორც ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების დამყარებას, ისე ქალთა სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას, მათ შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბიზნესფორუმი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ბეჭდვა