ავიაკომპანიებისა და მგზავრთა ურთიერთობებს სპეციალური წესები დაარეგულირებს
ავიაკომპანიებისა და მგზავრთა ურთიერთობებს სპეციალური წესები დაარეგულირებს
14:07 10.08.2012
საქართველოში მომუშავე ავიაკომპანიებისა და მგზავრების ურთიერთობების განსაზღვრის მიზნით, 1 სექტემბრიდან სპეციალური რეგულაციები ამოქმდდება.
რეგულაციები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელებმა საქართველოს ავიაბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ სამუშაო შეხვედრაზე გააცნეს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი დავითაძემ აღნიშნა, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველო-ევროკავშირს შორის შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, რეისის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ შემუშავდა.
მისი თქმით, ეს არის პირველი რეგულაცია ქართული ავიაციის სინამდვილეში, რომელიც მგზავრთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა, მისივე თქმით, წესები ისე არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს, უფლებები მხოლოდ მგზავრებს აქვთ.
„ჩვენ ავიაკომპანიების უფლებების დაცვასაც ვემსახურებით“-განაცხადა დავითაძემ და აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც რეისის შეფერხება ან გადადება ავიაკომპანიის მიზეზით არ ხდება, ასეთ შემთხვევებში კი, მისი და მგზავრების ურთიერთობები განსხვავებული წესებით დარეგულირდება.
ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა რეგულაციების დაწესების მიმართ, თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს და განმარტეს, რომ ახალი წესები ავიაკომპანიებს მგზავრებთან უკეთესი ურთიერთობებისადმი განაწყობს.

ბეჭდვა