სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" დღეს კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული
კომპანიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნიან.
კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
„ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდება და დაჯილდოვდება SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას და ქვეყნის მდგრად განვითარებას“-აცხადებენ ორგანიზატორები.
