ნათია თურნავამ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე მოხსენება გააკეთა
ნათია თურნავამ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე მოხსენება გააკეთა
15:35 17.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გააკეთა ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ბანკისა და სააგენტო „გალთ ენდ თაგართის“ ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კონფერენციის მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება.

თურნავას განცხადებით „საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, ამავე დროს, მისი თქმით, დერეგულირება მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია განახორციელონ.

„ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გვაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არცერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენს შორის დიალოგი მუდმივად იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.



ბეჭდვა