ხალასთავის საბადოს შესწავლისთვის აუქციონში გამარჯვებული პირი 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს
ხალასთავის საბადოს შესწავლისთვის აუქციონში გამარჯვებული პირი 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს
13:32 17.04.2019
ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, იშვიათი ლითონების (ოქრო-სპილენძი) შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გაიყიდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა.

სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა. ასევე, მან შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველი 6 თვის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.

სალიცენზიო პირობების ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლის პერიოდში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.

ბეჭდვა