სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა
12:51 17.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით გამართული შეხვედრა გახსნა.

მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვა უმნიშვნელოვანესია, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სტრატეგიის სამუშაო ვერსია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა