დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა
და არქიტექტურული და სამშენებლო სამიანობის“ კოდესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას განაგრძობს.
აღნიშნული კოდექსი პარლამენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო, თუმცა, კანონის შემდგომი სრულყოფის მიზნით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს არქიტექტორთა კავშირთან და დარგის ექსპერტებთან. ამ პროცესში კოდექსში მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა გამოიკვეთა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღვანდელ შეხვედრაზე, რომელიც წინანდალში, სასტუმრო RADISSON COLLECTION HOTEL-ში გაიმართა დეტალურად იმსჯელეს კოდექსის იმ მუხლებზე, სადაც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემის, მათი იერარქიისა და თავსებადობის შესახებ არის საუბარი. ასევე ისაუბრეს ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის ძირითადი ინსტრუმენტების თაობაზე. დეპუტატებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს მშენებლობის ზედამხედველობის, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობისას სავალდებულო სერტიფიცირების გაცემისა და მშენებლობის ნებართვების გაცემის პირობები.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, იმსჯელეს საქართველოში ტერიტორიული სივრცის დაგეგმარების, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და მშენებლობის სფეროს კანონმდებლობის ევროპულ და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, ქვეყნის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო სფეროს ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.
საკითხების დეტალურად განსჯის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს ხანში დაარეგისტრირებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის („საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ II ფაზა) მხარდაჭერით.
