გიორგი ქობულია ბულგარეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
გიორგი ქობულია ბულგარეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა
11:25 04.04.2019
4-5 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ბულგარეთს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომის მუშაობაში.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ქობულიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრთან, ემილ კარანიკოლოვთან, აგრეთვე ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მინიტრთან, როსენ ჟელიაზკოვთან.

5 აპრილს გაიმართება საქართველო - ბულგარეთის სავაჭრო - ეკონომიკური და სამეცნიერო - ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის მე-6 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეულ მიმართულებებს და სამომავლო პრიორიტეტებზე შეთანხმდებიან. ასევე დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი ქობულია ასევე შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ საქართველოში, ან აქვს დიდი ინტერესი, მოახდინონ კაპიტალის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.
ბეჭდვა