14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება
14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება
14:44 13.03.2019
14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება. სადაზღვევო ფორუმს საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM​ - მართავს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრის - კომპანია ირაოს მხარდაჭერით.

ფორუმზე წარდგებიან სხვადასხვა ევროპული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, პიტერ ტირინგი.

პროგრამაში სპიკერებად დასახელებულნი არიან: ირაკლი კოვზანაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თავჯდომარე - დავით ონოფრიშვილი.

კონფერენციის ძირითადი თემები იქნება სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და განვითარების გზები. კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს გლობალური სადაზღვევო ბაზრის ძირითად მოთამათამაშეებს და ყველას ვინც დაინტერესებულია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარებით, წარმოადგინოს უახლესი ტრენდები ავტოდაზღვევის, აგრო დაზღვევის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. ასევე განიხილება საკითხები ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არის სავალდებულო.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში იმართება XPRIMM​ –ის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმი და კომპანია ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ამ კონფერენციის ოფიციალური პარტნიორია. ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის. კომპანია ირაო ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად ჩვენთვის ნაცნობია სადაზღვევო ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება ჩვენი სხვა უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე, განვითარების გზებსა და ახალ ტექნოლოგიებზე." - განაცხადა კომპანია ირაოს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ.
ბეჭდვა