კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2012 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 5.2 პროცენტით ანუ 412.6 მლნ ლარით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ მაჩვენელმა მიმდინარე წლის 1 ივლისისათვის 8.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 133.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა - 279.0 მლნ ლარით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 964.1 მლნ ლარის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 10.7 პროცენტით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 3.7 მლრდ ლარის სესხი, ეს კი წინა თვის მაჩვენებელს 6.8 პროცენტით აღემატება.
იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.5 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
ვაჭრობის სფეროზე იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 46.7 პროცენტი მოდის. ივნისში, მაისთან შედარებით, ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 7.5 პროცენტით გაიზარდა და 2.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.8 პროცენტი შეადგინა, რაც 1 ივლისისთვის 1018.2 მლნ ლარით განისაზღვრა;
9.9 პროცენტი კი მშენებლობაზე მოდის, რაც 464.1 მლნ ლარია.
