„სავალუტო ფონდმა ჩვენი ეკონომიკური განვითარება პოზიტიურად შეაფასა, დადებითი შეფასება
მიეცა როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ პოლიტიკას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ.
ფონდის მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობთ საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი ქობულიასთან, ფინანსთა მინისტრ, ივანე მაჭავარიანთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ, კობა გვენეტაძესთან გამართა.
შეხვედრისას მისიამ საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებს გაეცნენ. ამასთან, მისია გაეცნო საქართველოში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.
„სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
