კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სეულში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის საღამო
გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა მიმართა. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების და კულტურის შესახებ.
საღამოს ფარგლებში მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.
მოწვეულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენას და ქართული კომპანიების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “Blikvanger”-ის კოლექცია.
ღონისძიებას კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართული ღვინის საღამოს კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „The Joongang Daily”-ის სტატიაც მიეძღვნა. გაზეთში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.
