„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა
„Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა
12:17 23.02.2019
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს და ქვეყნის ბიზნეს გარემოზე პოზიტიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში, Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით არის განპირობებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონში არსებული შოკების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით გაიზარდა, გაცვლითმა კურსმა შეინარჩუნა სტაბილურობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლო რეზერვების შევსება. ამასთან, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ ძირითად პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს:

• ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
• 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით.
• ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან.
• სარეიტინგო კომპანია ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაჯანსაღება 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.
• რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.
• საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები.

რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, საგარეო მოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.


ბეჭდვა