საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში 17 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოს სერვის ცენტრების მეშვეობით, სახელმწიფო ქონების შეძენით ან სარგებლობით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება „ერთი სარკმლის პრინციპით” მიიღონ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.
საწყის ეტაპზე სააგენტო მომხმარებელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერვისს შესთავაზებს, რომელთა რიცხვის ზრდა და სრულყოფა ეტაპობრივად მოხდება.
თბილისის ფარგლებში სააგენტოს მომსახურების ოფისი თბილისის იუსტიციის სახლში, ხოლო რეგიონებში - შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში განთავსდება.
სააგენტოს კონტროლს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს.
