ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში
სამუშაო ვიზიტით იმყოფება და „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
სამინისტროს ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს ოფიციალურად აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში ევროკომისარი, მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარე, გიუნტერ ოტინგერი გახსნიან.
უწყების ცნობით, ნათია თურნავა პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე მოხსენებით გამოვა, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხება. აღნიშნულ საკითხებზე მასთან ერთად ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, ფარვიზ შაჰბაზოვი, იტალიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ანდრეა ჩოფი, საბერძნეთის გარემოსა და ენერგეტიკის სამინისტროს გენერალური მდივანი, მიჰეილ ვერიოპულოსი, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი, ტემენუჟკა პეტკოვა და სხვ.
მრჩეველთა საბჭოს სხდომის დასასრულს ხელი მოეწერება დეკლარაციას.
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ფატიჰ დონმეზს, „ბიპის“ რეგიონალურ პრეზიდენტს, გარი ჯონსს, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელს პირებს შეხვდება.
"სამხრეთის გაზის კორიდორით“ საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება უნდა მოხდეს. გაზსადენი მომავალში დაუკავშირდება ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.
