გიორგი ქობულია: შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის
გიორგი ქობულია: შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის
18:17 13.02.2019
ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა როგორც სანავსადგურო ინფრასტრუქტურის გაფართოების პროგრამის გადახედვა/ფინალიზაციაზე (ანაკლია, ფოთი და ბათუმი), ასევე ხაზი გაუსვა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების სტრატეგიას და ამ მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას.

„საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა ნაწილობრივ დამოკიდებულია სწორედ შავ ზღვაზე საბორნე ხაზებისა და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

საქართველოს ნავსადგურებიდან შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურებში პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ამაღლებასთან და სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ერთის მხრივ, მიმდინარეობს მუშაობა საკონსულტაციო კომპანიებთან შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების კვლევის მომზადების მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობს უშუალო მუშაობა კომპანიებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ საბორნე და საკონტეინერო/ფიდერული გადაზიდვების მიმართულებით და შესაძლებელია მათი დაინტერესება შავ ზღვაზე დამატებითი სატრანსპორტო ხაზების დაწყების მიზნით
ბეჭდვა