2018 წლის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 970 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა
, რაც 1,2% (35 მლნ. კვტ*სთ-ით) აღემატება 2017 წლის მოხმარების მოცულობას (2 935 მილიონი კვტ*სთ). კომპანიის ინფრომაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
2017 წელთან შედარებით 2018 წელს 1,6%-ით (46 მლნ. კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 819 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 4,3%-ით (26,1 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 632,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 570 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 62,3 ათასი – იურიდიური პირი.
2018 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 736 კმ შეადგინა, რაც 7,5%-ით (398 კმ-ით) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (5 338 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
„თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.
