,,ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს უკავია
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
მისი თქმით, აღნიშნულ ინდექსში ლიდერის პოზიციები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და სანდოობას შეუწყობს ხელს.
„ძალიან საამაყოა „ღია ბიუჯეტის ინდექსი“, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ და ხუთ ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნათა რიგში შევდივართ, ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა შვედეთი და დანია. ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ხელს უწყობს, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან სწორედ მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით პრობლემა ჰქონდათ“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
