საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა .
ცვლილებების მიხედვით, გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტი, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადების და ჯარიმების 50 პროცენტი.
გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არაღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5%, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2 თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30%-ისა.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევისსიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადი თანხის 5%-ს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10%-ით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5%-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20%-ს, გადამხდელი დაჯარიმდება 25%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50%-ისა.
ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა.
გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად.
აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია ბიზნესგარემოს კიდევ უფროგაუმჯობესება.
საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა.
