„ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე პროცესების, სამომავლო
გეგმებისა და ხედვების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოხსენება წარმოადგინა.
მინისტრმა პრეზენტაციის ფორმით კომიტეტს ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების ვრცელი მიმოხილვა გააცნო და სექტორების და მიმართულებების მიხედვით დეტალური ანალიზი წარუდგინა. მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე, უმუშევრობის დონის დასაწევად და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ცალკე მიმართულებად გამოყო სიღარიბის პრობლემა, რომელიც, მისივე განმარტებით, ნომერ პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 10%-ით შემცირდა, ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება. სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20 %-იანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და მის დასაძლევად მეტი ძალისხმევა და ბევრად უფრო მაღალი ტემპები გვჭირდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
სამუშაო ძალის და თვითდასაქმებულთა დინამიკაზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება, რაც მათი ბიზნეს სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილებზე დასაქმებით არის განპირობებული. მინისტრი თავის მოხსენებაში ინვესტიციების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკაში მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზარდი ინვესტიციების მოცულობა ქვეყანას დამატებითი კრედიტების აღებისგან ათავისუფლებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოხსენების მეორე ნაწილში სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება ეკონომიკის ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. მომხსენებელმა ძირითად მიზნებად შემდეგი მიმართულებები დაასახელა:
· სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის ჩართვა და სიღარიბის დაძლევა;
· საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
· ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა;
· პროდუქტიულობის ზრდა.
გიორგი ქობულიამ აღნიშნული მიზნების მისაღწევად გამოწვევების დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა და გამოწვევები კონკრეტული სფეროების მიხედვით განსაზღვრა, როგორიცაა: სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეფექტურობა, საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა, ხარისხის სისტემების განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან დაახლოება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინვესტიციების მოზიდვა და ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში მართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.
მოხსენების შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა უმეტესობა მინისტრის საქმიანობას და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების საკითხებს შეეხებოდა.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია, კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ შეაჯამა, რომელმაც გიორგი ქობულიას დეტალური და მოცულობითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენს გამოსვლაში ნამდვილად იყო ლოგიკა, თანმიმდევრობა და მცდელობა რომ ის იყოს ყოვლისმომცველი. ნამდვილად არის ხედვა და ეს ხედვა როგორია სხვადასხვა პუნქტების მიხედვით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტს დაეხმარება სამინისტროსთან კომუნიკაციაში და იგი შემდგომი თანამშრომლობის გარკვეული გზამკვლევი იქნება. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს ის მომავალი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავდგათ“, - განაცხადა რომან კაკულიამ
