ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდა
ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს შეხვდა
16:49 12.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს, იანეს კოპაჩს შეხვდა. შეხვედრის დროს საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმასა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების თაობაზე ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის სამართლებრივი გარემოს შემუშავებას შეეხება და დაინერგება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული ბაზის ამოქმედება ადგილობრივ ენერგობაზარზე საერთაშორისო ბიზნეს-წესების დამკვიდრებას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროპულ ნორმებსა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს.

სამინისტროს ცნობითვე შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმები და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

ბეჭდვა